Monday, December 28, 2015

უსაფრთხოება და სამაშველო სამუშაოები მდინარეზე

შესავალი 

დიდი ხანია არაფერი დამიწერია. ხოდა ახლა როდესაც სეზონი დამთავრდა, მინდა განვაახლო ბლოგი და დავიწყო წერა ისეთ უმნიშვნელოვანეს თემაზე როგორიცაა - უსაფრთხოება & სამაშველო საქმიანობა მდინარეზე. 

შევეცდები თემები თანმიმდევრულად შევარჩიო და მაქსიმალურად მარტივი და გასაგები იყოს მკითხველისთვის, განსაკუთრებით დამწყები და ნაკლებად გამოცდილი კაიაკერებისთვის ( და არა მარტო მათთვის ) 

აქვე მინდა დავამატო, რომ პოსტებში უხვად იქნება გამოყებებული ინგლისური ტერმინოლოგია იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჩვენს სპორტში საერთაშორისო სამეტყველო "სლენგის" საფუძველი ინგლისურია და ამ ტერმინების ცოდნა მომავალში გაგიმარტივებთ კომუნიკაციას ნებისმიერი წარმომავლობის კაიაკერთან :))

მაშ ასე

თავი პირველი 

უსაფრთხოების ძირითადი საფუძვლები 

ზოგადად უსაფრთხოება და სამაშველო საქმიანობა მდინარეზე ძალიან ვრცელი და კომპლექსური თემაა, თუმცა ეს ყველაფერი დაფუძნებულია ოთხ ძირითად პრინციპზე რომლებსაც შემოკლებით ეწოდება C.L.A.P.



მივყვეთ სათითაოდ

1 - Communication /კომუნიკაცია 

სწორი კომუნიკაცია ძალაინ მნიშვნელოვანია მდინარეზე, ამიტომ სიგნალები (ვიზუალური, ხმოვანი) უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი და გასაგები ჯგუფის ყველა წევრისთვის. თუ რაიმე გაუგებარია და დარჩენილია კითხვის ნიშნები -  აუცილებლად გადაამოწმეთ და გაამეორებინეთ სიგნალი სანამ არ იქნება 100 % გასაგები. გამორიცხეთ "ალბათ". იმის დასადასტურებლად რომ ყველაფერი გასაგებია გაუმეორეთ სიგნალი მის გადმომცემს. 

გამორიცხეთ გაუგებრობა ნებისმიერ ფასად 


2 - Line of Sight / ხედვის არეალი



აქ ორი მნიშვნელოვაი ასპექტია 

  • კაიაკერიმა აუცილებლად უნდა აირჩიოს გასავლელი ხაზი და შეაფასოს რისკები მხოლოდ მას შემდეგ როდესაც სრულად ნახავს მდინარის იმ მონაკვეთს რომლის გავლასაც აპირებს, არ დაუშვათ რომ ყველაფერი კარგად იქნება სანამ საკუთარი თვალით არ დარწმუნდებით ამაში.  
  • ჯგუფის წევრებს უნდა ქონდეთ ვიზუალური კონტაქტი. თუ ვერ ხერდება მთლიანი ჯგუფის დანახვა, ამ შემთხვევაში -  ჯგუფის მინიმუმ ერთ წევრს მაინც უნდა ხედავდეს დაშვებაში მონაწილე მეორე კაიაკერი. 
არასდროს არ გაიროთ  არაფერი ბრმად ( წინასწარი დათვალიერების გარეშე ) 


3 - Avoidance /  თავის არიდება 

ეს ნაწილი შიეცავს მთელ რიგს ანგარიშ გასაწევ მუხლებს

  • ურთიერთდახმარება - ჯგუფის ყველა წევრი უნდა იყოს მზად იმისთვის რომ დაეხმაროს დაშვებაში მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. 
  • დაშვებისთვთვის მზადება და დაგეგმვა უნდა მოხდეს ჯგუფში არსებული ადამიანების დონის და გამოცდილების შესაბამისად 
  • აღჭურვილობის "გასუფთავება" - ანუ ყველამ უნდა შეამოწმოს რომ არ იყოს ზედმეტი კვანძები და სახელურები სამაშველო / სასროლ თოკებზე , არ იყოს ზედმეტი თოკები და მოშვებული ყულფები ჟილეტებზე . უნდა შემოწმდეს და მოშორებული იქნას თავიდან ყველაფერი რაც ზრდის რამეზე გამოდების / "გაჭედვის" რისკს.
  • რისკების შეფასება - ყველამ უნდა შეაფასოს კონკრეტულ დაშვებასთან დაკავშირებული რისკები და პირადად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება - მიიღოს მონაწილეობა თუ არა. 
  • ჯგუფმა გასავლელი მონაკვეთის ყველაზე დაბალ რისკიანი ხაზი უნდა განსაზღვროს და პირველად ის გაიაროს, შემდეგ სუვილის შესაბამისად შეიძლება იგივე მონაკვეთის უფრო რთული ხაზების გავლა - ადეკვატური დაზღვევის პირობებში. ინგლისურად ამ მუხლს - TRTTG ქვია , ანუ - Talk / Reach / Throw / Tow / Go
  • Plan B - ყიველთვის დასვით კითხვა -  რა მოხდება თუ რამე არ წავა ისე როგორც დაგეგმილია და გქონდეთ შემუშავებული ალტერნატიული გეგმა ანუ Plan B 
  • KISS - Keep it Short and Simple - ეს მუხლი იმდენად იდეალურადაა განსაზღვრული ინგლისურად,  რომ თარგმნას აზრი არ აქვს :) 
  • სამაშველო სამუშაოს ჩატარების დროს, მაშველმა არ უნდა გააკეთოს ისეთი რამ, რაც "საშველს" ( შემდგომში ვიხმარ ტერმინს - მსხვერპლი / Victim ) იმაზე ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს ვიდრე მანამდე იყო 

4 - Position of Maximum Usefulness / საუკეთესო პოზიცია 


  • გასავლელი ჩქერის "დაზღვევის" დროს, ჯგუფის წევრებმა უნდა დაიკავონ ისეთი სამაშველო პოზიციები, საიდანაც ექნებათ საუკეთესო წვდომა მაქსიმალური რისკის მატარებელ ადგილთან. ანუ უნდა შეეძლოთ იმ ადგილის მაქსიმალურად "დაფარვა" სადაც ყველაზე დიდი ალბათობაა "რამე" მოხდეს.
  • მაშველმა პირველ რიგში უნდა იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე, რადგან თუ მას რამე შეემთხვა ის უკვე ვეღარავის უშველის.

    მაშველისთვის - იყოს საჭირო დროს , საჭირო ადგილზე - არის წარმატებული სამაშველო სამუშაოს ჩატარების  გარანტია