Tuesday, July 30, 2013

"ქვირითობა"


გამარჯობა ! :)

დღეს მინდა ერთ ისეთ მოვლენაზე დავწერო როგორიცაა "ქვირითობა" კაიაკინგში. ( იგივე გადაყირავება , ამოყირავება , ყირამალა , თევზების გადათვლა , და ა.შ. )

მავანი ალბათ უკვე მიხვდა თუ რაზეა საუბარი , ხოლო ვისაც ჯერ-ჯერობით არც თუ ისე მჭიდრო შეხება აქვს ამ სპორტთან,  შევეცდები მოკლედ ავხსნა მათთვის რასთან გვაქვს საქმე .

"ქვირითობა" - ეს არის ქმედება , როდესაც ადამიანი , რომელიც ეს წუთია ახორციელებდა მდინარეზე დაშვებას ტრადიციული მეთოდით ( კაიაკში, წყლის ზედაპირზე ) , სხვადასხვა მიზეზების გამო უეცრად გადაყირავდა და აგრძელებს დაშვებას წყლაქვეშ ( ისევ კაიაკში ) ან მის ზედაპირზე ( უკვე უკაიაკოდ ).

მსოფლიოში ამ მოვლენას იცნობენ როგორც "SWIMMING"-ს , ხოლო ჩვენ ქართველები რაღა ქართველები ვართ თუ ყველაფერს ძირძველი საწყიდი არ მოუნახეთ და ქართული შესატყვისი არ ვუპოვეთ ( ჯომარდობის ან ყელ-ფანდურასი არ იყოს :))  ). ....

მოკლედ , მაიმუნობას შევეშვათ და  უფრო სერიოზულად იხილეთ მომდევნო აბზაციდან :))

  ნებისმიერი ადამიანის პირველი  ბუნებრივი რეაქცია , კაიაკთან პირველი კონტაქტის დროს არის : "ადვილად ყირავდება ? ", რადგან იმის წარმოდგენაც კი , რომ ამ ერთი შეხედვით არც ისე კომფორტულ მოწყობილობაში ჩამძვრალი ან უფრო "ჩაკვეხებული", შეიძლება მდინარეში ამოყირავდე , დამეთანხმებით ნაკლებად სასიამოვნოა.


By Levan Tapladze


ალბათ ყველა კაიაკერს წაუკითხავს ან გაუგია გამოთქმა "Everybody Swims" ან "We are all Between Swims ". მართლაც ასეა , "ქვირითობა" ერთერთი განუოფელი და აუცილებელი ნაწილია კაიაკინგის . ხანდახან ესეთი მოსაზრებაც გამიგია  - "ვინც არ ყირავდება - საჩკაობს" - ო .

ყველა ჩვენთაგანს ბევრი უცურავია მდინარეში , განსაკუთრებით საწყის ეტაპზე , ამის გარეშე წარმოუდგენელია . მართალია დროის გასვლასთან ერთად ადგილები,  სადაც შეიძლება ამოყირავდე , ბევრად რთული და სარისკოა ვიდრე ადრე იყო , მაგრამ იმ ძველი "ქვირითობების" წყალობით ვიძენთ გამოცდილებას და კომპეტენციას თუ როგორ გავუმკლავდეთ სარისკო სიტუაციას , როგორ მოვიქცეთ წყალში , როგორ გადავარჩინოთ ჩვენი აღჭურვილობა , და რაც მთავარია მენტალურად  შევეჩვიოთ ამ "სტრესს" , რადგან საჭირო მომენტში პანიკის ნაცვლად სწორად შევაფასოთ სიტუაცია და ვიპოვოთ გამოსავალი .

ჩემი აზრით აუცილებელია ყველა დამწყებმა ხშირად დავუსვას საკუთარ თავს შეკითხვები : რა იყო ამა თუ იმ  კონკრეტული გადაყირავების მიზეზი ?  , ბევრს ხომ არ "ვქვირითობ" ?  რატომ "ვქვირითობ" ამდენს ?  - და შესაბამისად ვეცადოთ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა , თვითონ ან მეგობრების დახმარებით .
სხვისი აზრის და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია . რადგან გამოცილმა ადამიანმა შეიძლება რამოდენიმე წუთში განახოს გამოსავალი და გაგცეს პასუხი კითხვაზე,  როდესაც  თავად  შეიძლება ერთი თვე მოანდომო იგივე პასუხის პოვნას.

კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია -  ვახერხებთ თუ არა ამ დროს საკუთარი აღჭურვილობის სრულიად ან ნაწილობრივ გადარჩენას ? ეს არის კარგი ინდიკატორი იმისა თუ რამდენად კარგად და მობილიზებულად შეგვიძლია მსგავს სიტუაციასთან გამკლავება. ფიზიკური დისკომფორტის და ზედმეტი ენერგიის ხარჯვის პარალელურად , შეიძლება დაშვება ძალიან ძვირიც დაგვიჯდეს -  ნავის ან  ნიჩბის გატეხვის ან სულაც დაკარგვის შემთხვევაში . ამოტომ,  როდესაც ვხედავთ და დიდი ალბათობით ვიცით რომ ვუახლოვდებით ადგილს,  სადაც ჩვენთვის "იდეალური საქვირითო  ადგილია" , აუცილებელია ვუთხრათ სხვა კაიაკერებს რომ წინასწარ დადგნენ დაზღვევაზე - ჩვენი და ჩვენი აღჭურვილობის გადასარჩენად .


By Levan Tapladze

ერთი სიტყვით "ქვირითობა" ბევრის მთქმელია ნებისმიერი დონის კაიაკერისთვის , და იძლევა ბევრ ინფორმაციას საკუთარ შესაძლებლობებზე , თუ რა გვაქვს გამოსაწორებელი , როგორ ტექნიკური ადგილებზე უნდა ვივარჯიშოთ უფრო მეტად , რა მოძრაობა თუ ილეთი გვაქვს დასახვეწი. და აი "დღის სიბრძნეც" გამოიკვეთა -   "ქვირითობის" გარეშე ვერავინ განვითარდება :))))

ასეა თუ ისე , დასასრულს ერთი რამის თქმა შეიძლება : მდინარეზე კაიაკერის "კაი ტიპობა" არ იზომება იმით თუ რამდენად რთული თუ ტექნიკური ადგილის გავლა შეუძლია . გასავლელი წყლის სირთულე  და თუ რამდენად უშეცდომოდ შეგვიძლია მისი გავლა , მხოლოდ ორი კომპონენტია იმ ძალიან გრძელ და კომლექსურ ჩამონათვალში , რომლის მიხედვითაც იზომება კაიაკერის დონე . ბევრად მნიშვნელოვანია მუდმივად ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და შესაძლებლობებზე , ვიყოთ მაქსიმალურად თვითკრიტიკულები და ვაანალიზოთ ნებისმიერი წარუმატებელი დაშვება , ვიცოდეთ სად შეიძლება "თავით გადაეშვა" და სად სჯობს გაჩერდე . ეს და სხვა მსგავსი კომპონენტები დაგვეხმარება წინ წავიდეთ ამ სპორტში  და კიდევ მრავალჯერ  და დიდხანს ვისიამოვნოთ ჩვენი საყვარელი საქმით  ...

ხო ! და ყოველთვის გვახსოვდეს "SAFETY FIRST" !!


P.S.   ვიდეო მეტი თვალსაჩინოებისათვის :)  ისიამოვნეთ !!






No comments:

Post a Comment