Thursday, November 28, 2013

"გვერდიდან დანახული" საქართველოს მდინარეები

 ამ ბოლო დროს ბევრ ვიდეოს ვპოსტავ , რომლებიც გადაღებულია პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, ვუყურებ იქაურ ულამაზეს მდინარეებს და კაიაკერებს , რომლებიც საოცარ დროს ატარებენ  და იღებენ უდიდეს სიამოვნებას . ვუყურებ , და მუხტი და პოზიტივი  რომლებიც ამ ფილმებიდან მოდის,  ჩემზეც გადმოდის , ყოველი კარგი ფილმის ნახვის შემდეგ მინდება დავალაგო ახალი გეგმები მომავალი სეზონის მოგზაურობასთან დაკავშირებით , რომ მეც ვნახო ის ადგილები და გავიარო იგივე მდინარეები . თუმცა რაღაც მომენტში სინანულის გრძნობა მეუფლება , მე ხომ ჯერ საქართველოს მდინარეებს არ ვიცნობ საკმარისად კარგად ...  და აი დღესაც იგივე დამემართა, ხოდა ჩავუჯექი ინტერნეტს და ამოვქექე ყველა ის ფილმი ( "ყველა" ცოტა ხმამაღალი ნათქვამია , მაგრამ იყოს :) ) რომლებიც საქართველოს მდინარეებზე გადაუღიათ , კიდევ ერთხელ ვუყურე და დავრწმუნდი რომ მართლაც უდიდესი პოტენციალია საქართველოში კაიაკინგისთვის , აქ არის მდინარეები, რომლებიც ყველა დონის ათლეტს დააინტერესებს და არ დატოვებს გულგრილს ..

ამასწინათ ქილიკის საგნად გადაიქცა ფაქტი , როდესაც ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად გამოაცხადა, რომ "ექტრემალური კაიაკინგი საქართველოს ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტიაო " .. ბევრმა იცინა ( და ალბათ სამართლიანად ) , ზოგმა დაიბრალა რომ დიდი წვლილი აქვს ამ ყველაფერში ( ალბათ უსამართლოდ ) მე კი მაგრად გამეხარდა ( როგორც კაიაკერს  - მაგრამ მაინც გამეცინა, ოღონდ მოკრძალებულად  ),   თუმცა ჩემთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ამ განცხადების გავრცელებამდე დიდი დრო დავუთმეთ მე და მესხომ იმას , რომ საფუძლიანად და დამაჯერებლად ამგვეხსნა ტურიზმის  მესვეურთათვის "What's it all about", და აღმოჩნდა რომ არც თუ უშედეგოდ .

დასტურად იმისა რომ საქართველოს მართლაც აქვს იმის რესურსი რომ გადაიქცეს მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობად და მონახულებად ადგილად , სწორედ საწყალოსნო ტურიზმის და კონკრეტულად კი ექსტრემალური კაიაკინგის კუთხით , მინდა გაგიზიაროთ ის სამი კაიაკ - ფილმი , რომელიც მიეძღვნა საქართველოს და მის მდინარეებს . რაც ყველაზე საინტერესოა , ეს ფილმები გადაიღეს უცხოელმა კაიაკერებმა საკუთარი ინიციატივით , რათა გაეზიარებინათ მსოფლიოს სხვა კაიაკერებისთვის , თუ რა მაგარი ადგილია საქართველო იმისათვის, რომ მოგზაურო კაიაკით .

ფილმებს ქრონოლოგიურად დავალაგებ :

1.  Kayaking in the Caucasus mountains  - ეს ფილმი ასახავს საქართველოში 2011 წლის გაზაფხულზე ჩატარებულ პირველ კაიაკ-ექსპედიციას. ეს იყო ჩეხი კაიაკერების ჯგუფი,  რომლიც წარმოადგენდა Rocks&Water Production - ს. ამ ექსპედიციის წევრები ასევე იყო ორი ქართველი  - აჩიკო ჯაკობია და ლევან თაფლაძე , რომელთა დახმარების და დაგეგმვის გარეშე, აღნიშნული ექსპედიცია ვერ იქნებოდა ისეთი საინტერესო, სახალისო  და მრავლის მომცველი როგორიც ეს საბოლოოდ გამოვიდა .




Kayaking in the Caucasus mountains from ROCKS & WATER production on Vimeo.


2. Kayak Georgia-Caucasus  -  ფილმი, რომელიც  უფრო სამოყვარულოა და ასახავს  2013 წლის გაზაფხულს. ეს იყო რამოდენიმე კაიაკერისგან შემდგარი ჯგუფი,  რომლებიც ბრმად, ყოვლეგვარი მოკვლევის და შესწავლის გარეშე ჩამოვიდნენ საქართველოში , რათა დაესვენათ და მიეღოთ სიამოვნება მათთვის უცნობი ქვეყნის მდინარეებზე. საბოლოო ჯამში  ფილმი  საკმაოდ სახალისო და პოზიტიური გამოვიდა





3. RideThePlanet: Georgia Whitewater - ეს არის უახლესი ფილმი , რომელიც რამოდენიმე კვირის წინ გაავრცელა რუსულმა კომპანიამ - Ride The Planet, ამავე ჯგუფმა შარშანაც გადაიღო ფილმი , რომელიც ეხებოდა სათხილამურო ექსტრიმს საქართველოში (აღნიშნული ფილმი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე : https://vimeo.com/37458327 ),  წელს კი ყურადღება კაიაკინგზე შეაჩერეს. ფილმი საკმაოდ ხარისხიანი და საინტერესოა ( თუ არ ჩავთვლით მასში მონაწილე პირების არაკომპეტენტურ კომენტარებს "რიგ საკითხებთან" დაკავშირებით )



RideThePlanet: Georgia Whitewater from Konstantin Galat on Vimeo.


ბოლოს კი,  კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა სურვილი და იმედი იმისა, რომ მალე შევძელბთ მსოფლიოს კაიაკერებს გავუზიაროთ უკვე ახალი კაიაკ-ფილმი , ისევ საქართველოს მდინარეების შესახებ , ოღონდ უკვე ქართველი კაიაკერების მონაწილეობით :)



Friday, November 8, 2013

Final Cut ანუ სეზონის ბოლოს სათქმელი

დილიდან ვზივარ დ ამინდის პროგნოზს ჩავკირკიტებ, იმედით რომ კიდევ გვექნება წელს თბილი ამინდი, იმდენად თბილი რომ მდინარეზე წაისვლებოდეს ... მაგრამ პროგნოზი სამწუხაროდ დიდს ვერაფერს მპირდება და ვცდილობ შევეგუო აზრს , რომ მომიწევს გაზაფხულამდე  დავემშვიდობო მდინარეს და ამის ფონზე გადავწყვიტე ერთგვარი სეზონის შემაჯამებელი პოსტი დავწერო

ძალიან უცნაური გრძნობა დამეუფლა სეზონის ბოლოს, ერთის მხრივ გულის წყვეტის და დაუკმაყოფილებლობის, ჩვენში რომ "ზამასკას" ეძახიან, მეორეს მხრივ კი სიხარულის, რომ კიდევ ერთი წარმატებული და საინტერესო სეზონი გავატარე. 

2013 წლის სეზონი მართლა საინტერესო იყო. ყველაფრი გაზაფხულის ადიდებული მდინარეებით დაიწყო, ფორმაში ჩადგომა და "რამე", მზადება ევროპული მოგზაურობისთვის , იქაურ მეგობრებთან შესახვედრად და მათთან ერთად ულამაზესი მდინარეების გავლა და რაც მთავარია ჩვენებას   – “აი როგორ გავიზარდეთ ქართველი კაიაკერები ერთ სეზონში”- ო , შემდეგ კი იქაური ახალი გამოცდილება და ცოდნა შეძენილები უკვე აქ ვიტყოდით იგივეს - “აი როგორ გავიზარდეთ ქართველი კაიაკერები ”-ო, მაგრამ "კაცი ბჭობდაო... " ხომ იცით , ხოდა ისიც გეცოდინებათ მაშინ "ზოგი ჭირი მარგებელია"-ო.  მეც ზუსტად იგივე დამემართა - მთელი ამ დაგროვილი შემართების და ენერგიის დახარჯვა ისევ სახლში , ანუ საქართველოს მდინარეებზე მომიწია, რამაც ალბათ განაპირობა კიდეც სეზონის მრავალფეროვნება და წარმატებულობა.
 
ბევრი საინტერესო რამე მოხდა. სხვადასხვა ამბები , სახეები და სახელები ამოტივტივდა გონებაში სეზონს რომ გადავხედე .. 

სეზონის გახსნა ერთ-ერთ პირველ დაშვებასთან ასოცირდება , სეზონის პირველი მძაფრი შეგრძბება ... მე , ვატო და დათო, ადიდებული ფშავის არაგვი , ძალიან ადიდებული .. და ამ წყალზე ამოტრიალებული ნავი და ნავში გაჭედილი დათო .თან ეს ყველაფერი ისეთ ადგილზე , სადაც "იმენნა" არ შეიძლება ამოყირავება.. წინ მოთხრილი ხის ფესვებია , დიდი "სარეცხი მანქანა" ... და აი აქ პირველად ვნახე როგორ დარბის ადამიანი წყალზე :) ანუ ვატო , რომელიც ფიზიკის ყველა კანონს არღვევს , ხტება კაიაკიდან , არბის დინების საწინააღმდეგოდ , წამებში ჩნდება დათოსთან და ეხმარება ნავიდან გამოსვლაში ... შემდეგ ჩემი უსასრულო დევნა წყალწაღებული ნავების და ნიჩბების გადასარჩენად , გზადაგზა შეგროვება და ნაპირებზე აყრა ... ამავე დღეს მეორე ამბავი - ისევ ნავის დასაჭერად ძალიან დიდ წყალში შესული ვატო , თან სიჩქარეში უჟილეტოდ , მაგრად დავიძაბე ... :) მოკლედ 2013 წლის სეზონი დაახლოვებით ასე გაიხსნა :)) 






შემდეგი რაც მახსენდება ისევ არაგვია , ამჯერად თეთრი, ფასანაურში ვართ ... ნისლია , წვიმს , მაგრად ცივა .. და ისევ ძალიან დიდი არაგვი . რაფტებთან ერთად ვაპირებთ დაშვებას. ისევ მე და ვატო , და კიდევ ჩვენი მეგობრები , რომლებიც პირველად აპირებენ მდინარეში შესვლას . 
მდინარის და ამინდის შემყურეები უკვე გრძნობენ ადრენალინის სიჭარბეს :) ცივა და კონიაკს ვწრუპავთ სანამ ყველა მოვა , გავთბებითო ... ალბათ ცოტა სიმამაცისთვისაც :) ... ცოტახანში ყველა მზადაა, ნავებში ვზივართ და ვეშვებით .. რაც ამ დღიდან მახსენდება , პირველივე შედარებით რთულ კასკადზე ამოყირავებული და გათოშილი "ბლანძინკაა", რომელიც ნაპირზე გაგვყვავს და ისევ წყალწაღებული ნავის დევნა, წყლის სიდიდის გამო აქაც საკმაოდ დიდხანს მოგვიწია ნავის დევნა. შემდეგ იყო "ბლანძინკასთვის", რომელიც მდინარიდ საპირისპირო ნაპირზე აღმოჩნდა , ნავის დაბრუნების "ოპერაცია". აქ უკვე თოკების გაშლა დაგვჭირდა და საბოლოო ჯამში ყველაფერი წარმატებით გავაკეთეთ , თუმცა სიცივის გამო დაგეგმილზე ადრე ამოვედით წყლიდან ,გავიყინეთ, შეუძლებელი იყო გაგრძელება ... უი ხო ! იყო კიდევ ერთი : "ისტერიჩკა" , რომელიც არ დაგვეხმარა :)))

შემდეგი რაც მეხსიერებაში ამოტივტივდა , ბულაჩაური - ჭოპორტის მონაკვეთია , სადაც შუა კვირაში "შატალოზე" გავიპარეთ. ამ დღის შესახებ ცალკე პოსტიც დავწერე თანდართული ფოტო მასალით.  :) ამ დღის მთავარი თემა მესხოს და აჩიკოს ტანდემ-კაიაკინგი იყო :) მესხო ამ დღეს "მოინათლა" და "მოიწამლა". ეს დაშვება გაგრძელდა  ნაპირთან მოქეიფე ხალხით , ჩვენც მათთან ერთად ჰაერში აწეული ჭიქებით, და რაც მთავარია ! სეზონის აღმოჩენა - უჭიპო კაცი !!! მერე მიშა მოვიდა , მანქანის სახურავზე დაბმული კაიაკით და ბოლომდე აწეული  “Let The Sunshine In ” -ით. აქვე ვთანხმდებით რომ ეს მსოფლიოს ჰიმნია და ამ ამაღლებულ ნოტაზე ვემშვიდობებით უჭიპო კაცს , მის მეგობრებს და მივდივართ ისევ სტარტზე - " საღამოს დაშვებისთვის "
 




ამ სასიამოვნო დღის "პახმელიაზე" მე და მიშამ რამოდენიმე დღის შემდეგ გავკვალეთ თეთრი არაგვის სულ ქვედა ნაწილი , მენესოდან - ანანურის ჩათვლით და გავოცდით , თურმე რამდენი წყალი ყოფილა ამ ნაწილში , და კიდევ ერთმა გარემოებამ "გაგვაოცა " - თურმე რამდენი ღორია გარშემო, რომელიც ნაგავს ყრის მდინარეში. ზოგადად ამ უკანასკნელით მუდმივად "გაოცებული" ვარ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში , მაგრამ ამაზე სხვა დროს.




შემდეგ ...  ბევრი ძალიან კარგი დაშვება სხვადასხვა მდინარეზე ბევრ კარგ ადამიანთან ერთად. 

მაგალითად იყო "ძეგველი ზურაბა" : 




იყო ლისიონი !



-  და ძალიან სასიამოვნო სოლო დაშვება ხევში,  სნოს წყალზე, ჯუთას ქვედა წელიდან - წყალათ ხიდამდე . 

შემდეგ რა იყო ... ჰო ! შემდეგ იყო რაც იყო !! იყო თერგი !!! ეს ამ სეზონის ყველაზე შთამბეჭდავი დაშვებაა. დიდი ნახტომი ჩემთვის და ვატოსთვის. წლების მანძილზე ვუყურებდი თერგს შორიდან, ვაკვირდებოდი მის დინებას , მესმოდა ამბები მისი სიძლიერის  შესახებ, და ვფიქრობდი - როდის ვიქნებოდი მზად და გავბედავდი შესვლას. წელს გავბედეთ . 
ამ მდინარემ ძალიან ბევრი მოგვცა, სულ რამოდენიმე დაშვების შედეგად საოცრად "გავიზარდეთ "., ბევრი ვისწავლეთ მისგან, და Class III დან უცბად გადავიქეცით Class III+/IV კაიაკერებად. რაც მთავარია დაგვარწმუნა საკუთარი შესაძლებლობებში. გვასწავლა როგორ უნდა ვენდოთ საკუთარ ცოდნას და როგორ გამოვიყენოთ ეს ცოდნა საჭიროების მიხედვით. 




თერგს მოჰყვა არანაკლებ საინტერესო, თეთრი არაგვის ზედა ნაწილი, მლეთა - ფასანაურის მონაკვეთი, რომელიც ორ ნაწილად გავიარე სხვადასხვა ჯგუფთან ერთად. ქვედა ნაწილი "მოხუც" , ზედა ნაწილი კი "ახალგაზრდა" გერმანელებთან ერთად. ორივე დაშვება დასამახსოვრებელი იყო თუნდაც იმიტომ, რომ პირველი გვლა იყო. განსაკუთრებით მომხიბლა თეთრი არგვის სულ ზედა ნაწილმა. ეს იყო დაუსრულებელი, ტექნიკურად რთული და ქვიანი კასკადი, რასაც თან ერთვოდა წყლის მაღალი დონე და დიდი სისწრაფე. ამ დაშვების ბილოს ჩემზე ბევრად სტაჟიანმა კაიაკერებმა აღნიშნეს , რომ მსგავსი ტექნიკური მონაკვეთი იშვიათად გაუვლიათ, და მეც მოხარული ვარ რომ მომეცა საშუალება ამ სექციის გავლის . თავისთავად ეს დაშვებაც დიდი გაკვეთილი იყო, რომლის შედეგადაც უფრო დაიხვეწა ჩემი როგორც კაიაკერის ტექნიკა და სტილი. 




სეზონის გვირგვინი იყო, რამოდენიმე დღის წინ გაკეთებული აღმიჩენა. მდინარე ხრამი , იგივე ქცია , სამშვილდეს კანოინი. ეს ის შემთხვევაა როდესაც მოკლედ ვერ მოვყვები. 

ყველაფერი კი მიშას "ნაკოლით" დაიწყო, რომელიც იმ მხარეში მეგობრებთან ერთად მწვადის შესაწვავად ყოფილა წასული და თვალი გაქცევია მდინარისკენ, მოუსინჯავს კიდეც მოკლე მონაკვეთი მარტოს . მოკლედ - უნდა წავიდეთ და გავიაროთ, რაღაც საინტერესო ამბავი ჩანსო. მეც რაღა გამაჩერებდა , ავტყდი, ვატოსაც ვუამბეთ ეს ამბავი და სამნი დავიძარით ქვემო ქართლისკენ ახალი აღმოჩენის გასაკეთებლად ( ძაან ისტორიული ლეგენდასავით გამომივიდა:))) ) 

სამწუხაროდ ვატო იმდღეს ჯანზე ვერ იყო , 




 
და წყალში მე და მიშა ჩავედით




სტარტი ავიღეთ ტანძიის მიდამოებთან. მდინარე დიდი ვერაფერი, წყალი ძირითადად მდორე იყო , ალაგ-ალაგ მაქსიმუმ II კატეგორიის "ჩქერებით". , მოკლედ კლასიკური Recreational Kayaking- ი. თუმცა წყლის მოტანილი უზარმაზარი ლოდები და ხეები გვაფიქრებდა , რომ იმ დღეს მდინარე თავის საუკეთესო ფორმაში ნაღდად არ იყო. ძალიან ბევრი ვიარეთ ასეთ წყალზე. მაგრამ წყლის "უინტერესობის" კომპენსაცია ბუნებამ გააკეთა. საოცარი სილამაზეა. ძნელია სიტყვებით გადმოცემა, ეს უნდა ნახო !  მიუვალი, და ველური ტყეების გარემოცვაში ხშირად ჩნდებოდა უძველესი მონასტრების , ციხეების და ხიდების ნანგრევები . უამრავი ბერთ საყუდელი გამოქვაბულები , ... ნამდვილი მუზეუმია ღია ცის ქვეშ.






ასე "მოვლივლივებდით" , როცა ყური წყლის ძლიერმა ხმაურმა მოჭრა , ეს იყო ხმა რომელიც აქვს ძლიერ მთის მდინარეს ან ჩანჩქერს . ჩვენ წინ მდინარე ვიწროვდებოდა  და ხმაურში იკარგებოდა .


და აი აქ დაიწყო !!! 





ჩვენ ვიპოვეთ მდინარე , რომელზედაც ნებისმიერი კაიაკერი იოცნებებს.:) სავსე ტექნიკური კასკადებით, ლოდებით, დიდი და მცირე "ვარდნებით" , ნაპირებზე ულამაზესი ხავსიანი ტყეებით და ყველაფერი ამის თავზე სამშვილდეს 
კანიონის უდიდესი კედლები . "ლეპოტა" !! :)) და იქვე ნათელი გახდა - რომ შემდეგი სეზონიდან ამ მდინარის ძალიან ხშირი სტუმრები ვიქნებით . ეს არის მდინარე რომელიც მომავალში ბევრ კარგ კაიაკერს გაზრდის, რადგან მას აქვს ყველაფერი იმისათვის , რომ ადამიანმა  ისწავლოს მდინარესთან ურთიერთობა. 





მინდოდა რაც შეიძლება მოკლედ დამეწერა მოსაწყენი რომ არ ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა , რაც არის - ეგ არის :) 

ბოლოს მინდა ვთქვა რომ მე , ალბათ ისევე როგორც ბევრ სხვა კაიაკერს , სტანდარტული კალენდრისგან განსხვავებული , დროის ათვლის ალტერნატიული სისტემა მაქვს ,  წელი იწყება სეზონის გახსნით და მთავრდება დახურვით. დანარჩენი დრო კი გადის "ბალამუტში", დროის კვლაში და ზემოთხსებებილი "ზამასკის" მოხსნაში - ზამთრის სხცადასხვა სპორტის მეშვეობით, რომლის შესახებაც ალბათ გავაგრძელებ წერას.

და აქვე მინდა ყველას გითხრათ დიდი მადლობა საინტერესო და სასიამოვნო სეზონისთვის : ვატოს , მიშას , მესხოს, აჩიკოს , პონჩიკას , ოთოს, Red Bull-ს , ზურას , კრისტოფს, უჭიპო კაცს :) და სხვა მრავალ  კარგ და სასიამოვნო ადამიანს რომელსაც მდინარემ შემახვედრა. 

და რაც მთავარია დიდი მადლობა ამ ბლოგის მკითხველს, რადგან მისი სულ რაღაც  3 თვიანი არსებობის მანძილზე დაგროვილი 2000 - ზე მეტი ნახვა მაძლევს კვლავ წერის ხალისს :) 


მოკლედ,  ყველას დიდი მადლობა მეგობრობისთვის და ძალიან მაგარი სეზონისთვის !!! :)

 
   


Tuesday, September 10, 2013

აქა ამბავი "მოხუცი" გერმანელებისა

დაახლოებით 2 კვირის წინ , ჩემი და ბევრი ქართველი კაიაკერის გერმანელი მეგობრის , კაიაკერის - Christoph Scheuermann- ის ხელმძღვანელობით , საქართველოში ჩამოვიდა გერმანელი კაიაკერების 8 კაციანი ჯგუფი. მათი მიზანი იყო გაეარათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი და საინტერესო მდინარე .

პირველი "გასახურებელი" დაშვება ფშავის არაგვზე გააკეთეს , რის შემდეგაც გაგრძელდა რიონით - რაჭაში , რასაც მოჰყვა ლეჩხუმი , სვანეთი , სამეგრელო , სამცხე და ბოლოს დასრულდა მთიულეთში, ისევ არაგვზე , ამჯერად თეთრზე .  ამ ბოლო დაშვებას მეც დიდი სიამოვნებით შევუერთდი და კრისტოფთან ერთად,  როგორც "მასპინძელმა", ვითავე გიდობა აღნიშნულ მონაკვეთზე. თუმცა მონაკვეთს დიდი ნაწილი რომელიც გავიარეთ , არც მე , არც კრისს და ეჭვი მაქვს რომ უმრავლესობას ქართველი კაიაკერების თუ რაფტერების არასოდეს გაუვლია .

"Put In" - ანუ კაიაკების ჩადების ადგილი ავირჩიეთ მლეთა - ფასანაურის მონაკვეთის შუა წელში . ამინდი ძაიან კარგი დაგვხვდა და გავიხარეთ.  წყალიც სუფთა და გამჭირვალე იყო . აქვე მინდა ავღნიშნო რომ სანიჩბოსნო სეზონის ამ პერიოდისთვის,  თეთრი არაგვის დონე უჩვეულოდ მაღალია . მოკლედ დავეშვით ,

ტრასა ძალაინ სახალისო გამოდგა , კლასიკური კაიაკინგის სექციაა , ბევრი ქვებით , "ედებით" , სერფირებისთვის იდეალური "ორმოებით"და რამაც გაგვაოცა , აღნიშნული სექციის შუაში , ალბათ - არმისული ფასანაურამდე , ვიპოვეთ დაახლოებით 2 მეტრიანი ვარდნა ( ჩანჩქერს ვერ დავარქმევ :) ) , საკმაოდ ადვილად გასავლელი , მარტივად "დაბუFვადი" ვარდნაა , თუმცა ძირში აქვს საშუალო სიმძლავრის უკუდინება 2 - 2,5 მეტრის რადიუსით . ანუ სასურველია არ "იქვირითო" გადახტომის შემდეგ , რადგან არის ალბათობა წყალმა უკან შეგიტანოს ( ანალოგიური შეემთხვა ამ დაშვების ერთერთ მონაწილეს , რომლის გამოყვანა სასროლი სამაშველო თოკით მოხდა )

მოკლედ,  დაშვება საკმაოდ სახალისო გამოდგა თავისი პატარა თავგადასავლებით ... მაგრამ ამ ამბავში ყველაზე საინტერესო სხვა რამეა : ექპედიციის წევრთა ასაკი. 8 წევრიდან - ხუთი  ,  45 წელს გადაცილებული , ხოლო ამ ხუთიდან - 2 ქალი იყო . საუბრისას აღმოჩნდა რომ ერთი ქალი და ერთი კაცი , პროფესიით მასწავლებლები - უკვე 60 წლის იყვნენ ( !!! )  და პირეველი რეპლიკა რაც აღმომხდა იყო - "ჯიგრები ხართ" -თქო !!  მართალია ვერ გაიგეს რას ვამბობდი , მარა მე ხომ ვიცი რომ "ჯიგრები" არიან  . ხო ! და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი , ამ 60 წლის "ქალ-ვაჟს" , კაიაკის სწავლა დაუწყიათ 45-47 წლის ასაკში !! ... რა ვთქვა , ერთმანეთისგან განსხვავებული რამოდენიმე ემოცია დამეუფლა :

ემოცია # 1 - გამეხარდა !! რადგან მომეცა იმედი რომ მათ ასაკს მიღწეული კვლავ ვიჯდები კიაკში . ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა - "როდესაც კაიაში ჯდომას ვეღარ შევძლებ , მაშინ ვიტყვი რომ დავბერდიო, თორე ეხლა კი ვარ სტამბულის კაჟივითო " ( სტამბულის კაჟი მე დავამატე ) ))))

ემოცია # 2 - "გამიტყდა" , რადგან ამ 60 წელს მიტანებული ადამიანების სპორტულობის და შემართების შემყურეს გამახსენდა ჩემი ნაცნობები და მეგობრები , რომლებიც თავიანთი 20-25-30 და  35 წლის ასაკში , ბევრად ბებრები არიან , ვიდრე ეს 60 წლის "მოხუცები"

ემოცია # 3 - "დავიგრუზე" - როდესაც დაშვების დროს ვუყურებდი ჩემს გარდა 8 კაიაკერს , რომლებიც თეთრი არაგვის ტალღებზე მოდიოდნენ ცეკვა-ცეკვით , კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ძალიან ლამაზი სპორტია , და ვიგრძები რომ რაც მეტი კაიაკერია წყალზე უფრო მაგრად ერთობი და დაშვება ბევრად საინტერესოა . ...       .... და ხომ შეიძლება ეს 8 კაიაკერიც ქართველი ყოფილიყო ... ხოდა "დავიგრუზე" ჩვენში კაიაკერების სიმცირის გამო ... 

მე და ვატოს , რამოდენიმე დღის წინ ყაზბეგთან ახლოს , თერგის ნაპირთან დაბანაკებულმა  რუსული კაიაკ-ექსპედიციის წევრები ასე დაგვემშვიდობნენ : "Удачи вам Грузинские каякери,  размножайтесь" - ო . ხოდა გავიფიქრე "შენ პირს შაქარი რუსო კაიაკერო" - თქო. ხმამაღლა არ მითქვამს , რავიცი როგორ გაიგებდა პირში შაქრის მომატების ამბავს, ხოდა ფიქრი ფიქრად დავტოვე , გახმაურების გარეშე :))

ხოდა მართლა მაგის პირს შაქარი :)))

ისევ ოპტიმისტად დავრჩები და იმედი მაქვს გავბევრდებით და ამ ჯიგარი გერმანელების მსგავსად ავაჭრელებთ საქართველოს მდინარეებს .

აქვე პატარა ფოტო რეპორტაჟი , რაღათქმა უნდა კვლავ მესხოს ავტორობით :) 




















და ბოლოს  -   Danke Schön ლამაზი და სასიამოვნო დაშვებისთვის "მოხუც" გერმანელებს !! ( იმედია სწორად დავწერე :) )





Thursday, August 22, 2013

თერგი, 2 კაიაკერი და Red Bull - ი

გუშინ ორი მაწანწალა კაიაკერი და Red Bull - ი სტეფანწმინდაში გადავიკვეთეთ. მომავალი დიდი "ივენთის" პრომო ვიდეოს გადაღება მიმდინარეობდა ( www.redbullgergetit.com ) ამ ივენთზე ცალკე სტატიის დაწერა შეიძლება , აქ მხოლოდ იმას ვიტყვი,  რომ ჩემთვის, როგორც კაიაკერისთვის ძალიან სასიხარულოა მსგავსი ღონისძიების ჩატარება , რადგან ეს ხელს შეუწყობს ჩვენი სპორტის პოპულარიზაციას + საქართველოს სახელის გახმაურებას როგორც ქვეყნის , სადაც შეიძლება კაიაკით იმოგზაურო.




ერთი სიტყვით , ორ მაწანწალა კაიაკერს  ანუ მე და ვატოს , მოგვიწია თერგში ჩასვლა :)

სიტყვა "მოგვიწია" ტყუილად არ ვთქვი  - "მოგვიწია" ამინდიდან და მდინარეის მდგომარეობიდან გამომდინარე. ჰაერის ტემპერატურა +15 დან +18 მდე მერყეობდა , მთელი დღე წვიმდა , და თერგიც რა თერგია თუ მსგავს ამინდზე მყისირეი რეაგირება არ მოახდინა. ადიდა , აიმღვრა და ყეფა დაიწყო, და ჩვენი ვარაუდით წყლის ტემპერატურა +8 ზე მაღალი არ უნდა ყოფილიყო ,  ხოდა "მოგვიწია", რადგან ხარება & გოგიასი - აი იყოს - "სიტყვა ვთქვით და ხელი ჩავარტყით " :)))

ჩასვლისთვის მზადება ზანტად და უხალისოდ მოხდა. შემდეგ დაახლოვებით 100 მეტრი მდინარემდე კაიაკების მითრევას , ან უფრო ჩათრევას დასჭირდა და რამოდენიმე წუთში უკვე კაიაკებში ჩამჯდრები თერგზე არც ისე საიმედო და ფართო "Eddie" - ში ვტივტივებდით.

კამერები მზადაა , ყველაფერი ჩაირთულია , მატოოოორ ... და წავიდააა ...

პირველი "მანიოვრი" რაც გავაკეთეთ , "ედიდან" გამოვედით , მთავარი დინების ძალა მოვსინჯეთ და იქვე ოდნავ ქვემოთ,  სხვა "ედიში" შევედით. ამ რამოდენიმე წამიანი მოსინჯვის დროს მოხდა ის რასაც ყველა კაიაკერი ერთნაირად გრძნობს .... საიდანღაც მოვიდა და მთელი გონება და სხეული აივსო სასწაული ენერგიით და ადრენალინით , აღარ გვაინტერესებდა არც ტემპერატურა და არც ამინდი ,  ერთადერთი რაზეც შემეძლო ფიქრი სწრაფად გავსულიყავი "ედიდან " და მდინარის დანარჩენი ნაწილი გამევლო. საოცარი , სასიამოვნო წინათგრძნობა იყო , თან ცოტა ხიფათიანი. ვატოს რომ შევხედე მივხვდი რომ იგივეს გრძნობდა , "დაქოქილი" და მობილიზებული იყო.   მოკლედ  ნავებზე და ჩაფხუტებზე დამაგრებული კამერები კიდევ ერთხელ შევამოწმეთ და დავიძარით.

ცოტა ძნელია იმის აღწერა რასაც ეს მდინარე წარმოადგენს , დიდი ტალღები , ძლიერი მორევები , გარშემო შენზე მაღალი ლოდები , და დიდი სისწრაფე ..  "ლეპოტა" !!! და თან "WTF" !!!  :))) მდინარე იმდენად სწრაფია, რომ სავალი ხაზის შერჩევისთვის წამზე ცოტა დროა, მაგრამ აუცილებლად უნდა მოასწრო რადგან სხვა "პონტში" მაგარ შარში შეიძლება ამოყო თავი .

მოკლედ გადასაღებად შერჩეული ტრასა გავიარეთ , არ ვიცი რა დრო დასჭირდა. ტრასის ბოლო "ედიში" შევედით და სიჩუმე ... ალბათ ჯერ გვინდოდა ჩვენთვითონ მივმხვდარიყავით რა ნახტომი გავაკეთეთ ეს - ესაა. ნავიდან ამოვედით და ... გადაწყვეტილია , უსიტყვოდ გადაწყვეტილია , ერთხელაც ვეშვებით !!

გაღიმებულებმა ავათრიეთ ნავები სტარტამდე , ისევ წყალზე ვართ .. მეორე დაშვების შეგრძნება ბევად მაგარი გამოდგა, რადგან ის პირველი , უცნობის ტრასის გავლის სტრესი მოიხსნა , უკვე ვიცით რა გველის და სად უნდა გავიაროთ . მოკლედ ამჯერად ვხალისობთ ბოლომდე !!! ოღონდ ყურადღებით , თერგია მაინც  :)

მეორე დაშვებაზე ემოციამ და ადრენალინმა პიკს მიაღწია , სულელებივით ვკიოდით მთელი დაშვების განმავლობაში  ... რაც მთავარია წყლიდან ამოსვლის შემდეგ ვიგრძენი რომ გადამღებ ჯგუფზეც გადავიდა ეს ადრენალინი და ნაპირზე მაგარი მუხტი დაგვხვდა . უკვე მალე დაბნელდებოდა , საჭირო მასალაც გადაღებული იყო , ასე რომ თერგს დროებით დავემშვიდობეთ , მაგრამ აუცილებლად - დროებით ! :)

რა შეიძლება ვთქვა , ჩემი დიდი მოწონება და პატივისცემა თერგს ! MAGIC !!
წყლიდან ამოსულს მკითხეს როგორი იყოო ...  "ისეთი ძალა აქვს , გეგონება მყინვარი პანჩურებს მირტყავდა " - თქო ვუთხარი , ძალიან მასიურია , ძალიან .

ქვემოთ პატარა ფოტო რეპორტაჟი , რომელიც მესხომ გადაიღო . მესხოც მაგრად "დაადრენალინდა" , მუხლებამდე დასველდა და ცოტა გვიან აღმოაღინა ეს ამბავი . ბინდდებოდა და ფოტოები ცოტა "გაწელილი" გამოვიდა , მაგრამ ეს ის შემთხვევაა სადაც "ფოკუსი"  არავის ადარდებს :)))































მოკლედ , ეგრე იყო ეგ ამბავი , 

მადლობა ვატოს , მესხოს , Red Bull-ს და რაც მთავარია თერგს მაგარი საღამოსთვის :)